ქართველი ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფი ქვეყანაში ვაქცინაციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ მიმართვას ავრცელებს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ვაქცინაციის დონე საგანგაშოდ დაბალია და სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
ექიმები და მეცნიერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოიყენონ ამჟამად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინა, რადგან მათი თქმით, ეს ამცირებს როგორც დაავადების სირთულეს, ასევე სიკვდილობას ყველა შტამის შემთხვევაში.
"კოვიდ-19-ის პანდემიის დამარცხებას ცალკე ვერ შეძლებს ვერც მთავრობა, ვერც ექიმები, ვერც მეცნიერება და ტექნოლოგია, და ვერც მოსახლეობა. პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია საერთო ძალისხმევა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ შემდეგი:
- პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია და უსაფრთხოების ზომების პირუთვნელი დაცვა.
- ვაქცინა უსაფრთხოა და გვიცავს სიკვდილისგან და დაავადების მძიმე ფორმებისგან, რაც დასტურდება მინიმუმადე შემცირებული ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაჩვენებელით, უკვე გაკეთებული 3.5 მილირდი აცრის მონაცემებით.
- ყველა ავტორიზებული ვაქცინა ამცირებს დაავადების სირთულეს და სიკვდილობას ყველა შტამის შემთხვევაში.
- გამოიყენეთ ამჟამად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინა, რომელსაც მიღებული აქვს, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოს ან ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის ავტორიზაცია. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჩინური წარმოების კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინის შემდეგ “ბუსტერად” შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ვაქცინის გამოყენება .
- აცრით ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს და განსაკუთრებით, ბავშვებს და იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია აცრა.
- ნებისმიერი ინფორმაცია კოვიდ 19-ისა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, რომელიც არ ეფუძნება სანდო მეცნიერულ პუბლიკაციებს, არის დეზინფორმაცია.
- რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, მით უფრო მაღალია ვირუსის მუტაციის ალბათობა და ახალი ვარიანტების და ტალღების წარმოქმნა, რაც ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება, თუკი ვერ შევძლებთ ინფიცირების დონის დაქვეითებას.
- საქართველოში ვაქცინაციის დონე საგანგაშოდ დაბალია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად.
მზად ვართ, ყველა შეკითხვაზე გაგცეთ დეტალური და მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი", - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ:
- სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი, საქართველო
- ეკატერინე ბერიშვილი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია
- რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი
- მაია ბუწაშვილი, ნეოლაბი, თბილისი, საქართველო
- მარინა გვახარია, რეპროდუქციული კლინიკა, სან ჰოზე, კალიფორნია
- გიორგი (გოგი) გეგელაშვილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია.
- ნანა გეგეჭკორი, მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკი, აშშ
- ზურაბ გურული მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკა, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯექსონი, მისისიპი, აშშ
- ვახტანგ კალოიანი, ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისი, საქართველო
- გიორგი კამკამიძე, ნეოლაბი, თბილისი, საქართველო
- ზაზა კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, შვედეთი
- ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თბილისი, საქართველო
- არჩილ მარშანია, STENA Ltd, აბერდინი, დიდი ბრიტანეთი
- მამუკა მაჩაიძე, ჯონს ჰოპკინსის ჰოსლიტალი, ბალტიმორი, აშშ
- ნინო ნაცვალაძე, შტუტგარტის კლინიკა, გერმანია
- ზაზა უჯმაჯურიძე, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკა, დანია
- ანი ქავთარაძე, წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკა, თბილისი საქართველო
- ნატალია ქვარცხავა, დუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია
- თამრიკო ქვარცხავა, Global PV Source, მორისტაუნი, ნიუ ჯერსი, აშშ
- ლიკა ჭყონია, რეპროარტი, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, საქართველო
- ცოტნე ჯავახიშვილი, კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, სან დიეგო, კალიფორნია, აშშ